Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 14
Ⴚრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.
Ⴓთხრა: «Ⴅიცი, აღარ ვარგხარ შენ აწ ჩემად დასადობლად,
Ⴂაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;
Ⴀწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,
Ⴀმად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.
«Ⴇავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,
Ⴋიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;
Ⴑხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;
Ⴑულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!»
Ⴐა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,
Ⴂულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება,
Ⴉვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.
Ⴀვთანდილს Ⴖმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.
Ⴈტყვის, თუ: «Ⴀმა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,
Ⴅისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების».
Ⴉვლა უთხრა: «Ⴃაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების;
Ⴄსეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.
«Ⴅარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;
Ⴙემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;
Ⴖრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი, სად!
Ⴂული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად
«Ⴋისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,
Ⴋისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე
Ⴍრისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,
Ⴀნ მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე».
Ⴕალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:
«Ⴄგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი.
Ⴜეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,
Ⴀწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.
«Ⴋაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,
Ⴀრ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე,
Ⴀრ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;
Ⴘენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!
«Ⴀწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,
Ⴐასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;
Ⴇუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,
Ⴋოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გა-ცა-სწბილდები»
Ⴗმამან უთხრა: «Ⴄგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:
Ⴍრნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,
Ⴓკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,
Ⴆედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.
«Ⴄგრე უთხრა: «Ⴀმხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,
Ⴜავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;
Ⴋას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,
Ⴘემოჰყივლა: «Ⴀრ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»
«Ⴀწ, დაო, შენთა ხელთაა ჩემი საბელი ყელისა,
Ⴑხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;
Ⴐასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა,
Ⴇვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!»
Ⴕალმან უთხრა: «Ⴋომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.
Ⴞარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;
Ⴞარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,
Ⴐაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.
«Ⴈმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;
Ⴇვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არვისგან დაიჯერების;
Ⴋოილოდინე, მოვიდეს, რაზომმცა დაგეყოვნების,
Ⴃადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.
«Ⴂითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:
Ⴒარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;
Ⴋე Ⴀსმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,
Ⴑულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.
«Ⴀმის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:
Ⴈსი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,
Ⴅჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,
Ⴀწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.
«Ⴀმას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;
Ⴐა მოვიდეს, შევეხვეწო, ნუთუ ვით რა მოვაგვარო;
Ⴄრთმანერთსა შეგამეცნნე, თავი შენი შევაყვარო,
Ⴇვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო»
Ⴕალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.
Ⴀმას ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;
Ⴋთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,