Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 3



«Ⴉარგა ჰქმენო, – დაუმადლა, წყალობანი უიმედნა, —

Ⴙემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!


«Ⴄგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:

Ⴑიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,

Ⴉაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია,

Ⴐომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.


«Ⴄრთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;

Ⴖმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, – ვარ საწუთროსა თმობითა, —

Ⴀნუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;

Ⴚოტასა შემწევს Ⴀვთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა».


Ⴗმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,

Ⴇავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,

Ⴇეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა.

Ⴋეფე ჰკითხავს: «Ⴐას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?»


Ⴉვლა უბრძანა: «Ⴇავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?»

Ⴗმამან ჰკადრა: «Ⴋოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,

Ⴐაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო,

Ⴀრ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამათზეო».


Ⴓბრძანა: «Ⴐადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!»

Ⴔიცა მზე Ⴇინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.

Ⴀვთანდილ იტყვის: «Ⴃავიწყო კადრება საუბნარისა:

Ⴌუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.


«Ⴋიწაცა თქვენი Ⴀვთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;

Ⴌაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;

Ⴋოასპარეზედ ვინ მგავსო? – ცუდნიღა უკუთქმანია.

Ⴂარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!»


– «Ⴋე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.

Ⴁრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა,

Ⴉარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,

Ⴋერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!»


Ⴀვთანდილცა დაჰმორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს,

Ⴈცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,

Ⴌაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:

«Ⴅინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!»


Ⴉვლა ბრძანა: «Ⴋონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად,

Ⴇორმეტი ჩვენად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, —

Ⴄრთაი შენი Ⴘერმადინ არს მათად დასადარებლად, —

Ⴌასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად».


Ⴋონადირეთა უბრძანა: «Ⴋინდორნი მოიარენით,

Ⴃასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით».

Ⴊაშქარნი სამზოდ აწვივნეს: «Ⴋოდით და მოიჯარენით».

Ⴂაყარეს სმა და ნადიმი. Ⴋუნ ამოდ გავიხარენით.

Ⴐოსტევან მეფისაგან და Ⴀვთანდილისაგან ნადირობა

Ⴃილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

Ⴛოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,

Ⴎირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,

Ⴋეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.


Ⴘეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;

Ⴋგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;

Ⴆეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,

Ⴌაძლევისა მათისათვის ისროდეს ერთგან სრვიდეს.


Ⴓბრძანა: «Ⴋონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,

Ⴋშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,

Ⴌაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!»

Ⴃაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.


Ⴋოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი:

Ⴈრემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი.

Ⴋას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!

Ⴀჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!


Ⴚხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.

Ⴋიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,

Ⴐა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.

Ⴋხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.


Ⴈგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

Ⴃახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა Ⴖმერთი შეარისხეს,

Ⴅელნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.

Ⴀვთანდილის შემხედველთა: «Ⴠგავსო ალვას, Ⴄდემის ხეს».


Ⴈგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,

Ⴋინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.

Ⴌადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.

Ⴈგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.


Ⴄრთმანერთსა, თუ: «Ⴋე გჯობო», სიცილით ეუბნებოდეს,