Ⴅეფხისტყაოსანი. Ⴒექსტის გამართვა ასომთავრულით – Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე - страница 20
Ⴋტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.
Ⴑამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.
«Ⴀქიმნიცა იკვირვებდეს: «Ⴄსე სენი რაგვარია?
Ⴑამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».
Ⴆოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია.
Ⴃედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.
«Ⴑამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;
Ⴋერმე ცნობა მომივიდა, მივჰხვდი რასმე მიუმხვდარი;
Ⴅთქვი, თუ: «Ⴠაი, რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!»
Ⴇმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
«Ⴅთქვი, თუ: «Ⴖმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
Ⴋომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,
Ⴀქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»
Ⴋანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე.
«Ⴋე წამოვჯე. Ⴋეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.
Ⴀხარებდეს: «Ⴜამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა;
Ⴋეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,
Ⴈგი Ⴖმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა
«Ⴈქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;
Ⴋე მოვახსენე: «Ⴎატრონო, გული აწ უფრო მრთელია;
Ⴚხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია».
Ⴚხენი მომგვარეს, შე-ცა-ვჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.
«Ⴂამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;
Ⴙემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.
Ⴘინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;
Ⴅთქვი, თუ: «Ⴋოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!»
«Ⴆაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,
Ⴂული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან.
Ⴑაწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან:
Ⴅთქვი, თუ: «Ⴐა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?»
«Ⴋონააო Ⴀსმათისი». – «Ⴐა იცისო», ვარქვი, «ჰკითხე».
Ⴘემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;
Ⴂამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე?
Ⴋისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.
«Ⴋე გამიკვირდა: «Ⴑით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?
Ⴋიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,
Ⴙემგან იმედსა გარდასწყვედს, მერმე დამიწყებს გმობასა».
Ⴃავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.
«Ⴃღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა,
Ⴅეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა;
Ⴃარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა,
Ⴋაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა
«Ⴋათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,
Ⴑხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;
Ⴑისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა.
Ⴂავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.
«Ⴞელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა;
Ⴙემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.
«Ⴋონააო Ⴀსმათისი»; შემოყვანა ვუთხარ შინა.
Ⴂულსა შინა დავუზრახე: «Ⴐა მპოვაო, ანუ ვინა?!»
«Ⴋონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა;
Ⴜიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა;
Ⴎასუხად ვსწერდი: «Ⴏამია, მართალ ხარ გაკვირვებასა;
Ⴋოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა».
«Ⴂულსა ვარქვი, თუ: «Ⴊახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ?
Ⴀმირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ;
Ⴀზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,
Ⴇუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ».
«Ⴉაცი მოვიდა მეფისა: «Ⴑწადსო ამბისა სმინება».
Ⴋოყვანა ვუთხარ; ებრძანა: «Ⴕმნაცა სისხლისა დინება?»
Ⴋე ვჰკადრე: «Ⴞელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება,
Ⴜინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».
«Ⴃარბაზს მივე. Ⴋეფე ბრძანებს: «Ⴀმის მეტსა ნუ იქმ, აბა!»
Ⴚხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა,
Ⴘეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა,
Ⴋშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: «Ⴘაბა, შაბა!»
«Ⴘინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
Ⴋომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;
Ⴋეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.
Ⴀუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.